09:27 ოსვალდო სკუდეტოს უმიზნებს | |
"ლეჩესთან" ბრწყინვალე სტილში მოპოვებულმა გამარჯვებამ "რომას" ფეხბურთელები ოპტიმიზმით აავსო, რაზეც პაბლო ოსვალდოს "გაძეტა დელო სპორტთან" გაკეთებული კომენტარი ნათლად მეტყველებს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფორვარდმა "ლეჩესთან" ულამაზესი მაკრატელა შეასრულა, ბურთი კარშიც კი გაეხვა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ - ოსვალდომ ეს ეპიზოდიც გაიხსენა: "ლუის ენრიკემ ბევრი ახალი ფეხბურთელი მოიყვანა და სრულიად ახალი გუნდი გაკეთდა, რომელიც ძალიან შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში საკმაოდ მაღალი ადგილი გვიკავია და ლიდერებს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. ეს ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ამ ფორმაციის "ჯალოროსის" დიდი მომავალი აქვს. "ლეჩესთან" საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ სეზონში და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი გაგრძელდება. მეტიც, მჯერა, რომ სკუდეტოსთვისაც კი შეგვიძლია ბრძოლა. რაც შეეხება ჩემს გაუქმებულ გოლს, ამაზე გული დღემდე მწყდება, რადგან ლაინსმენმა აშკარა შეცდომა დაუშვა - თანაც, ასე კარიერაში შეიძლება სულ რამდენჯერმე დაარტყა. როგორც ჩანს, ორჭოფობდა და ბოლოს, გოლის გაუქმება გადაწყვიტა - მსაჯების გაკრიტიკება არ მჩვევია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ეპიზოდები შემტევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს". | |
|