aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » სტატისტიკა "არსენალის" სასარგებლოდაა
17:05
სტატისტიკა "არსენალის" სასარგებლოდაა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალები გუშინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი დღევანდელ დღეს უფრო დიდი ინტერესით ელოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ დღევანდელი წყვილებიდან გამოკვეთილი ფავორიტები არცერთს ჰყავს და როგორც მილანში, ასევე სანკტ-პეტერბურგში, დაძაბული თამაშია მოსალოდნელი.

მილანი-არსენალი
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალებიდან, "მილანისა” და "არსენალის” დაპირისპირება ყველაზე საინტერესოა. მართალია, წყვილის ფავორიტად შეგვიძლია "მილანი” მივიჩნიოთ, მაგრამ იტალიელებს მეტოქესთან შედარებით ბევრად მეტი შანსები ნამდვილად არ აქვთ.
"არსენალის” სასარგებლოდ შესაძლოა იმოქმედოს იმან, რომ "მილანს” რთული დრო უდგას. სამმატჩიანი მოუგებელი სერია "როსონერიმ” სერია A-ს გასულ ტურში კი შეწყვიტა, მაგრამ რთული კალენდრის გამო, ალეგრის შეგირდებს ამოსუნთქვის საშუალება არ ეძლევათ. რაც შეეხება "არსენალს”, ლონდონელები კარგ ფორმაში არიან. ბოლო 4 თამაშიდან მათ 3 მოიგეს (მათ შორის, ერთი - 7:1) და ერთიც ფრედ დაასრულეს.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან და მათ შორის სრული თანაფარდობაა. პირველი დაპირისპირება 1995 წელს, უეფას სუპერთასზე შედგა. ლონდონში გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მილანში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ინგლისში გუნდებმა კვლავ უგოლოდ ითამაშეს და იტალიაში ამჯერადაც 2 გოლი გავიდა, ოღონდ უკვე მასპინძელთა კარში. როგორც ხედავთ, "მილანსა” და "არსენალს” შორის გამართული 4 თამაშიდან 2 უგოლოდ დასრულდა, ხოლო დანარჩენ ორში გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა.
"მილანს” ინგლისურ გუნდებთან სულ 32-ჯერ უთამაშია. იტალიელებმა 10-ჯერ მოიგეს, 11-ჯერ ფრედ ითამაშეს და ამდენჯერვე წააგეს. ბურთების შეფარდება – 37:35. საკუთარ კედლებში "მილანმა” 6 თამაში მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 3 დათმო.
იტალიის წარმომადგენლებთან გამართულ 27 მატჩში "არსენალს” 13 მოგება, 8 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 32:20. გასვლაზე ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და 3-ჯერ წააგეს.
როგორც ხედავთ, "მილანს” ინგლისურ გუნდებთან თამაში უჭირს, ხოლო "არსენალს” პირიქით – იტალიის წარმომადგენლებთან ბურთაობა კარგად გამოსდის.
შეხვედრას უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი განსჯის, რომელიც "მილანის” მატჩში პირველად იმსაჯებს. "არსენალის” თამაშში კაშაიმ მონაწილეობა ერთხელ მიიღო. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონელები "ბრაგასთან” 0:2 დამარცხდნენ.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმირებული იეპესი, აკვილანი, გატუზო, კასანო, მერკელი და შტრასერი დააკლდებიან. ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვთ მუნტარისა და ინძაგის. რაც შეეხება "არსენალს”, მას ტრავმირებული სანტოსის, დიაბის, მერტეზაკერის, ჯენკინსონისა და უილშირის გარდა, ნაკრებიდან ჯერ არდაბრუნებული ჟერვინიოს გარეშეც მოუწევს თამაში.
•    იტალიურ გუნდებთან გამართული რვა ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან "არსენალმა” ყველა მოიგო;
•    "არსენალმა” მილანში გამართული ორივე საჩემპიონთალიგო მატჩი მოიგო. ლონდონელებმა "მილანი” 2:0, ხოლო "ინტერი” 5:1 დაამარცხეს;
•    ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ გათამაშებაში, "მილანი” ასპარეზობას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა და სამივე შემთხვევაში, იტალიური კლუბი ინგლისის წარმომადგენლებთან დამარცხდა;
•    ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 19 თამაშიდან "მილანმა” მხოლოდ 4 მოიგო;
•    ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან "მილანმა” ერთი მოიგო;
•    ჯგუფურ ეტაპზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4 მატჩი ჩაატარა და გოლი ყველა მათგანში გაიტანა;
•    რობინ ვან პერსიმ ბოლო ექვს თამაშში 7 გოლი გაიტანა;
•    "არსენალი” მეტოქეს განსაკუთრებით მე-2 ტაიმის საწყის თხუთმეტ წუთში უნდა უფრთხილდეს. 11 გოლიდან მილანელებმა 4 დროის სწორედ ამ მონაკვეთში გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, მექსესი, სილვა, მესბა, ნოჩერინო, ვან ბომელი, ემანუელსონი, ბოატენგი, იბრაჰიმოვიჩი, ელ შაარავი.
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი, კოკლენი, კოსელნი, ვერმალენი, სანია, სონგი, არტეტა, უოლკოტი, რემზი, ჩემბერლენი, ვან პერსი.
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ზენიტი-ბენფიკა
ეს წყვილი "მილანისა” და "არსენალის” დაპირისპირების ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში გულშემატკივრებს უინტერესო თამაში ნამდვილად არ ელით. ამ გუნდების ორრაუნდიან დაპირისპირებას ხიბლს ის სძენს, რომ მას ფავორიტი არ ჰყავს. შეგვიძლია, მცირე უპირატესობა "ბენფიკას” მივანიჭოთ, რადგან "ზენიტს” შესაძლოა პრობლემები ხანგრძლივმა შესვენებამ შეუქმნას. რუსულმა გუნდმა ბოლო ოფიციალური თამაში გასული წლის 6 დეკემბერს, სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთისთვის დამახასიათებელი ამინდი უკეთეს პირობებში "ზენიტის” ფეხბურთელებს აყენებს.
თუ "ზენიტის” ამჟამინდელ ფორმაზე საუბარი ძნელია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრწყინვალე ფორმაშია "ბენფიკა”, რომელსაც ბოლო 11 თამაში მოგებული აქვს, აქედან 4 გასვლაზე. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირზე პორტუგალიელებს უკვე 10 თამაშია არ წაუგიათ.
გუნდები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან. "ზენიტს” პორტუგალიურ გუნდებთან 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც სანკტპეტერბურგელებმა 2-2 მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 1 წააგეს. ბურთების შეფარდება – 9:7. საკუთარ კედლებში "ზენიტმა” 2-ჯერ მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.
"ბენფიკა” რუსეთის წარმომადგენლებს 8-ჯერ დაუპირისპირდა. პორტუგალიელებმა 3-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს. ბურთების შეფარდება – 9:7. გასვლაზე "ბენფიკამ” თითოჯერ მოიგო და წააგო, ხოლო 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
უეფამ შეხვედრის განსასჯელად შვედი იონას ერიკსონი მიავლინა. ამ არბიტრს "ზენიტის” შეხვედრაში 2-ჯერ უმსაჯია. რუსულმა კლუბმა გასვლაზე წააგო და შინ მოიგო. "ბენფიკას” შეხვედრა ერიკსონმა ერთხელ განსაჯა და პორტუგალიელებმა იმ მატჩის მოგება მოახერხეს.
პორტუგალიელები ლიგის განახლებას უდანაკარგოდ ხვდებიან. რაც შეეხება "ზენიტს”, მას კრიშიტო, დანი და მალაფეევი დააკლდებიან.
•    "ზენიტი” პირველი რუსული არამოსკოვური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს;
•    გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, სახიფათო მომენტების გოლად ქცევა ყველაზე მეტად "ზენიტს” უჭირს. რუსული კლუბის ფეხბურთელების დარტყმებიდან გოლი მხოლოდ 9 პროცენტს მოჰყვა;
•    გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, "ბენფიკამ” თამაშის წესები ყველაზე მეტჯერ, 101-ჯერ დაარღვია;
•    ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 30 საშინაო თამაშიდან "ზენიტმა” მხოლოდ 2 წააგო;
•    "ბარსელონასა” და "რეალს” გარდა, "ბენფიკა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს;
•    "ბენფიკას” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთ ამ შეხვედრაში ორ გოლზე მეტი არ გასულა;
•    "ბენფიკას” ფეხბურთელმა ნიკოლას გაიტანმა მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა;
•    ყველა ტურნირის თამაშების გათვალისწინებით, "ბენფიკას” 11-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს;
სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-2-3-1): ჟევნოვი, ანიუკოვი, ჰუბოკანი, ლომბაერტსი, ლუკოვიჩი, ზირიანოვი, დენისოვი, ფაიზულინი, შიროკოვი, ლაზოვიჩი, ბუხაროვი.
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში, პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი, ვიტსელი, გარსია, გაიტანი, აიმარი, სეზარი, კარდოსო.
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).
კატეგორია: ჩემპიონთა ლიგა | ნანახია: 547 | დაამატა: USER | ტეგები: მილანი | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]