17:33 ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: 90 წუთი მიუნხენის "ბაიერნს" და მილანის "ინტერს" | |
რაკი "ბაიერნმა" "ბაზელთან" პირველი მატჩი 0:1 წააგო, ოცნებას, ითამაშოს ფინალში, რომელიც მიუნხენში უნდა გაიმართოს, საკმაოდ მოშორდა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნა მიუნხენური გრანდისთვის დიდი სირცხვილი იქნება. იგივე ეხება მილანის "ინტერსაც"... ბაიერნი-ბაზელი 23:45 პირველი მატჩი: 0:1 "ბაზელი" საკმაოდ სიმპათიური გუნდია, რაც შვეიცარიელებმა მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცეს და რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს მიზნის მიღწევა გაუჭირდება. ყველაფერი ან არაფერი - ასეთია "ბაიერნის" დევიზი 13 მარტს გასამართი მატჩის წინ. პრინციპში, "ბაზელსაც" ასეთივე დევიზი აქვს... ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 67 დღეა დარჩენილი და მიუნხენელებისთვის მიმდინარე სეზონის უდიდესი ოცნება შესაძლოა იმ "ალიანს არენაზე" დამთავრდეს, რომელმაც 67 დღეში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩს უნდა უმასპინძლოს. "თუ გავარდებით, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, სეზონის გადარჩენა ძალიან გაგვიჭირდება, - თქვა წინა დღეს "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და იქვე დასძინა, - "ჰოფენჰაიმთან" 7:1 ძალიან კარგი იყო, მაგრამ ამ გამარჯვების ფასი ნულის ტოლი იქნება, თუ "ბაზელს" მინიმუმ ორ გოლს არ გავუტანთ და საკუთარ კარს მშრალად არ შევინახავთ". "თავდაჯერებული ვარ და ვფიქრობ, რომ "ჰოფენჰაიმთან" გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა გვინდა და "ბაზელი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ისეთი ანგარიშით, როგორიც გვაწყობს. ჩემი აზრით, ფეხბურთს სწორედ ისეთი მატჩები ალამაზებს, როგორიც "ბაზელთან" გველის", - ეს კი ბავარიელთა მთავარი მწვრთნელის, 66 წლის იუპ ჰაინკესის სიტყვებია. მიუნხენელებს თავდაჯერების მომატება მართლაც სჭირდებოდათ, რადგან ცუდ ფორმაში იყვნენ და "ბაიერნის" ქომაგებს კიდევ ერთი დადებითი ამბით გავახარებთ: ბასტიან შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდა და "ბაზელთან" საომრად მზადაა. თუმცა არავინ იცის, გაამწესებს თუ არა მას ჰაინკესი პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში - შეიძლება, მოედანზე ამჯერადაც მეორე ტაიმში შეუშვას. საკადრო საკითხებზე საუბარს აქვე მოვრჩეთ: რეკორდმაისტერს რაფინიას გარდა ყველა წამყვანი მოთამაშე მწყობრში ჰყავს. მართალია, მარიო გომესი გასულ უქმეებზე დაშავდა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით, "ბაზელთან" "ბაიერნის" მთავარი გოლეადორიც ითამაშებს. "ჰოფენჰაიმთან" 7:1-მა "ბაიერნში" ყველა გაახარა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ სეზონში ბავარიელები უკვე რამდენჯერმე ფიქრობდნენ, ნავსი გავტეხეთო და მერე ისევ კრიზისი ბრუნდებოდა. ამიტომაცაა, მეკარე მანუელ ნოიერი თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ რომ მოუწოდებს და ამბობს, გადამეტებული არც თავდაჯერება ვარგაო. ამასთან, ნოიერი სტუმრად 0:1-ზე წაგებას საპასუხო მატჩის წინ ძალიან სახიფათო შედეგს უწოდებს. ასეცაა: საკმარისია, შვეიცარიელებმა მიუნხენში ანგარიში გახსნან, რაც ნამდვილად ხელეწიფებათ, რომ მერე ჰაინკესის ბიჭებს მინიმუმ 3 გოლი ექნებათ გასატანი. ამასთან, მიუნხენში არც ის ავიწყდებათ, რომ "ბაზელს" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ჩემპიონთა ლიგაში კი სტუმრად არცერთხელ დამარცხებულა. საქმე მარტო პრესტიჟშიც არაა - ფინალამდე "ბაიერნს" უეფასგან 16.3 მილიონი ევროს ოდენობის პრემიის გამომუშავება შეუძლია და თუ დააკვირდებით, ამ პრემიალურებს ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ გერმანელები ითვლიან ხოლმე. მართალია, "ბაიერნს" ფინანსურად ნამდვილად არ უჭირს, მაგრამ დამატებითი მილიონები არავის აწყენს - მით უმეტეს, გერმანელებს, რომლებიც თითოეულ ცენტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ტონი კროოსის თქმით, "ბაიერნი" უბრალოდ ვალდებულია, მეოთხედფინალში გავიდეს, რადგან გარდა იმისა, რომ "ბაზელთან" გავარდნა რეკორდმაისტერისთვის უდიდესი სირცხვილი იქნება, ასეთ შემთხვევაში "ბაიერნი" ბოლო რვა წელიწადში ყველაზე უარეს ბალანსს დააფიქსირებს - ზედიზედ მეორედ გავარდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან. შვაინშტაიგერის დაბრუნება მიუნხენური გრანდისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რასაც ეს სტატისტიკაც მოწმობს: ამ სეზონში "ბაიერნი" შვაინისთან ერთად საშუალოდ ერთ მატჩში 2.1 ქულას იღებს, 2.4 გოლი გააქვს და მხოლოდ 0.5 გოლს უშვებს. მის გარეშე კი ოდენ 1.9 ქულას იღებს, 1.7 გოლი გააქვს და 0.9 გოლს უშვებს. ბასტიანმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, ასი პროცენტით მზად ვარ და თამაში ძალიან მინდა, მაგრამ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, მათამაშებს თუ არა თავიდანვეო. ამ თემას არც ჰაინკესმა აუარა გვერდი, თუმცა კონკრეტული პასუხიც არ გაუცია - "დონ იუპის" თქმით, ის დღეს გადაწყვეტს, გაამწესოს თუ არა შვაინი სასტარტო შემადგენლობაში. "ბაზელის" მთავარი მწვრთნელი ჰაიკო ფოგელი მოსალოდნელზე მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი. წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ "ბაიერნის" ოდნავადაც არ ეშინია. "ჰოფენჰაიმთან" მატჩს ვუყურე და მიუხედავად იმისა, რომ 7 გოლი გაიტანეს, ოდნავადაც არ შემშინებია - პირველი თამაში შემთხვევით არ მოგვიგია და იმიტომ! გოლის ან გოლების გატანა მიუნხენშიც შეგვიძლია და თითოეული გოლით "ბაიერნს" საქმეს უფრო გავურთულებთ. მინდა, რომ რეკორდმაისტერი გავაბრაზოთ და ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რაც მთავარია, ეს ჩემმა ფეხბურთელებმაც იციან," - განაცხადა ფოგელმა. შვეიცარიელთა ლიდერი ალექსანდერ ფრაი კი სულაც ფინალში გასვლაზე ოცნებობს... სავარაუდო შემადგენლობები ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო (ან შვაინშტაიგერი), კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი. ბაზელი (4-4-2): ზომერი - ფ. დეგენი, დრაგოვიჩი, აბრაამი, შტაინჰიოფერი - შაჩირი, ჰუგელი, ჯაკა, შტოკერი - ა. ფრაი, შტრელერი. არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი) ინტერი-მარსელი 23:45 პირველი მატჩი: 0:1 ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლა "ინტერისთვის" სეზონის გადარჩენის, ფაქტობრივად, ერთადერთი შანსია - მერვედფინალიდან გავარდნა მილანურ გრანდს წარმატებად არ ჩაეთვლება. "კიევოსთან" მოგებამ "ნერაძურის" შეფებს, ფეხბურთელებს და პირველ რიგში ფანებს ხასიათი გამოუკეთა, ტანჯულ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის ცრემლები აღვარღვარებინა. ფაქტი კი ერთია: ვალტერ სამუელისა და დიეგო მილიტოს გვიანი გოლებით მოგებულმა მატჩმა "ინტერს" "მარსელთან" უპრინციპულესი შეხვედრის წინ თავდაჯერება შემატა. "ჩვენ გვჯერა, რომ "მარსელის" სასურველი ანგარიშით დამარცხება და მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია. წაგება არც პირველ შეხვედრაში დავიმსახურეთ და იმედია, ამჯერად ფორტუნაც ჩვენს მხარეს იქნება. სეზონის საუკეთესო მატჩი სწორედ "მარსელთან" უნდა ჩავატაროთ", - ეს მილიტოს სიტყვებია. რანიერი ვერც კრისტიან კივუს გამოიყენებს, რომელმაც პირველ მატჩში მესამე გაფრთხილება მიიღო და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია და ვერც ანდრეა რანოკიას (ტრავმა). სამაგიეროდ, "ინტერს" მაიკონი დაუბრუნდა. "მარსელის" თავკაც დიდიე დეშამს ლოიკ რემისა (ტრავმის გამო პირველ მატჩშიც არ უასპარეზია) და მატიო ვალბუენას სახით ორი საკვანძო ფიგურა დაუბრუნდა. განაცხადში არიან ანდრე-პიერ ჟინიაკი და ანდრე აიუც, რომელთა ასპარეზობა ორიოდ დღის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. სავარაუდო შემადგენლობები ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ხ. ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო - სნეიდერი - მილიტო, პაცინი. მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, მორელი - დიარა, შეირუ - ამალფიტანო, ვალბუენა, აიუ - რემი. არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია) | |
|