09:54 „იუვენტუსი“ მილანელებს „დაერია“ | |
ტალიურ ფეხბურთში არაერთი პრინციპული და საინტერესო დაპირისპირებაა. მათ შორის, ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს „იტალიის დერბი", რომელშიც ერთმანეთს „იუვენტუსი" და „ინტერი" უპირისპირდებიან. ტურინულ-მილანურმა დაპირისპირებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა 2006 წლის სკანდალის შემდეგ შეიძინა, როდესაც იტალიურ ფეხბურთში დატრიალებული მოვლენების შემდეგ, „იუვენტუსს" ადგილი სერია B-ში მიუჩინეს, ხოლო მის მიერ მოგებული და „ინტერისთვის" გადაცემული „სკუდეტო" დღესაც დავის საგანია. 2006 წლის შემდეგ, ამ ორ გუნდს შორის, ტიტულებს მხოლოდ მილანელები იგებდნენ და აქედან გამომდინარე, გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უფრო ძლიერი „ინტერი" იყო. მიმდინარე სეზონში სიტუაცია შეიცვალა, რაზეც არა მხოლოდ გუშინდელ მატჩში დაფიქსირებული შედეგი, არამედ სატურნირო ცხრილიც მეტყველებს. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველ წუთებში უფრო ხშირად მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ საერთო ჯამში, შეხვედრამ სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როდესაც მატრის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული კასტელაციმ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მოთამაშე ვუჩინიჩის ძლიერ გასროლილს წინ ვეღარავინ აღუდგა. ანგარიშის გახსნის შემდეგ, უპირატესობა „იუვენტუსის" ფეხბურთელებმა მოიპოვეს, მაგრამ მომდევნო გოლი მაინც მათ კარში გავიდა. 28-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, მაიკონმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და ძლიერი დარტყმით, მას ადგილი ბუფონისგან მარცხენა ზედა კუთხეში მიუჩინა. გატანილი გოლის შემდეგ, თამაშის სადავეები უკვე მასპინძელთა ხელთ გადავიდა. ერთ ეპიზოდში, პაცინის თავური დარტყმის შემდეგ, სტუმართა კარი გოლისგან ხარიხამ იხსნა. ამ ეპიზოდიდან გავიდა რამდენიმე წამი და „იუვენტუსი" წინ კიდევ ერთხელ გავიდა. მილანელთა საჯარიმოს წინა ხაზთან, მარკიზიომ მატრისთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და ძალზე ზუსტი დარტყმით, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გუშინდელ თამაშში 3 ქულის მოპოვებით, „იუვენტუსმა" „იტალიის დერბიში" 95-ედ მოიგო, ხოლო „ინტერის" აქტივში კვლავ 67 მოგება რჩება. აღვნიშნავთ, რომ 1999-2000 წლების შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ტურინელებმა ორივე მილანურ გუნდს პირველსავე წრეში სძლიეს. საინტერესო მატჩი გაიმართა რომშიც, სადაც ადგილობრივ „რომას" მოქმედი ჩემპიონი, „მილანი" ეწვია. დედაქალაქში გამართულ მატჩში გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ „მხოლოდ" 5 გოლი გაიტანეს. თამაშის გმირად შეგვიძლია აბიატი მოვნათლოთ, რადგან მილანელთა კიპერმა გუნდი გოლის გაშვებისგან არაერთხელ იხსნა. 5 გოლიდან პირველი 4 თავური დარტყმის შემდეგ გავიდა. მე-17 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან აკვილანის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის კარიდან დაახლოებით თორმეტ მეტრში მყოფმა იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, რასაც ბურდისოს ზუსტი თავური მოჰყვა. ორ წუთში, იგივე სიტუაციაში უკვე ნესტამ იხეირა. 78-ე წუთზე, კვლავ მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე აკვილანის ჩაწოდებას იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთი ზუსტი თავური მოაყოლა. ათ წუთში, აბიატიმ ლამელას დარტყმა მოიგერია და მართალია დამატებაზე ბოიანმა ივარგა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელის გოლმა მის გუნდს ქულაც ვერ მოუტანა. ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კვლავ დამარცხდა „ნაპოლი", რომელიც უქულოდ სიცილიურ დაპირისირებაში დარჩა. კატანიაში გამართულ შეხვედრაში, სტუმრებმა ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს, როდესაც კავანიმ გოლად დოსენას გადაცემა აქცია, მაგრამ 25-ე წუთზე მარკეზემ გაათანაბრა, ხოლო მე-2 ნახევარის დასაწყისში, უკვე 10 კაცით მოთამაშე „ნაპოლის" კარში, გამარჯვების გოლი ბერგესიომ გაიტანა. რომა-მილანი 2:3 (1:2) რომი, "ოლიმპიკო”44000 რომა(4-3-1-2): სტეკელენბურგი, კასეტი, ბურდისო, ჟუანი (ჰაინცე 71), ხოსე ანხელი, პისარო, დე როსი, გაგო (ლამელა 63), პიანიჩი, ოსვალდო, ბორინი (ბოიანი 39). მწვრთნელი: ლუის ენრიკე. მილანი(4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა, აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო (ამბროზინი 88), ბოატენგი (ემანუელსონი 66), რობინიო (კასანო 73), იბრაჰიმოვიჩი. მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი. გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (17), 1:1 ბურდისო (28), 1:2 ნესტა (30), 1:3 იბრაჰიმოვიჩი (78), 2:3 ბოიანი (88). გაფრთხილებები: გაგო 51, პიანიჩი 59 - ვან ბომელი 32, ნოჩერინო 53, აკვილანი 89. მსაჯი: ანტონიო დამატო. ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (7)-12 (4), კუთხური: 13-4, თამაშგარე: 0-6, სეივი: 1-4, ჯარიმა:13-14. კატანია-ნაპოლი 2:1 (1:1) კატანია, "ანჯელო მასიმინო”10000 კატანია(5-3-2): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, ისკო (დელვეკიო 78), ალმირონი, ლოდი, რიკიუტი (ბარიენტოსი 59), მარკეზე, ბერგესიო, გომესი (კატელანი 75). მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. ნაპოლი(3-4-3): დე სანკტისი, ფერნანდესი, კანავარო, ფიდელეფი (მაჯო 59), სუნიგა, სანტანა, ინლერი, დოსენა (ჰამშიკი 68), მასკარა (ძემაილი 49), კავანი, ლავესი. მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. გოლები: 0:1 კავანი (1), 1:1 მარკეზე (25), 2:1 ბერგესიო (48). გაფრთხილებები: ბელუსკი 66 - სანტანა 19. გაძევება: სანტანა 43. მსაჯი: დომენიკო ჩელი. ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 14 (5)-12 (6), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-3, ჯარიმა:11-13. ინტერი-იუვენტუსი 1:2 (1:2) მილანი, "ჯუზეპე მეაცა”75000 ინტერი(4-3-1-2): კასტელაცი, მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, ობი (სტანკოვიჩი 64), სნეიდერი (ალვარესი 78), პაცინი, სარატე (კასტაინოსი 46). მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. იუვენტუსი(4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ვიდალი (პაციენცა 89), პირლო, მარკიზიო, პეპე, მატრი (ესტიგარიბია 70), ვუჩინიჩი (დელ პიერო 84). მწვრთნელი: ანტონიო კონტე. გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (12), 1:1 მაიკონი (28), 1:2 მარკიზიო (33). გაფრთხილებები: კივუ 59, სნეიდერი 65 - ბონუჩი 22, ვიდალი 45, კიელინი 54, პეპე 55, პირლო 67. მსაჯი: ნიკოლა რიცოლი. ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 9 (5)-14 (6), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-3, ჯარიმა:14-15. 1. იუვენტუსი 9 5 4 0 15:7 19 2. მილანი 9 5 2 2 19:14 17 3. უდინეზე 8 4 3 1 10:3 15 4. ლაციო 8 4 3 1 12:8 15 5. ნაპოლი 9 4 2 3 13:7 14 6. კატანია 9 3 5 1 12:12 14 7. კალიარი 8 3 4 1 9:6 13 8. პალერმო 8 4 1 3 11:10 13 9. ჯენოა 8 3 3 2 13:11 12 10. რომა 9 3 2 4 11:11 11 11. სიენა 8 2 4 2 7:5 10 12. ატალანტა 8 4 3 1 11:9 9 13. ფიორენტინა 8 2 3 3 9:8 9 14. კიევო 8 2 3 3 6:7 9 15. პარმა 8 3 0 5 10:17 9 16. ინტერი 9 2 2 5 11:16 8 17. ბოლონია 8 2 1 5 5:12 7 18. ნოვარა 8 1 3 4 11:16 6 19. ლეჩე 8 1 1 6 6:15 4 20. ჩეზენა 8 0 3 5 3:10 3 ბომბარდირები დი ნატალე („უდინეზე"), ჯოვინკო („პარმა") – 6, პალასიო („ჯენოა"), იოვეტიჩი („ფიორენტინა"), დენისი („ატალანტა"), კლოზე („ლაციო") – 5, ოსვალდო („რომა"), მორალესი („ატალანტა"), მატრი („იუვენტუსი"), კალაიო („სიენა"), ნოჩერინო („მილანი"), კავანი („ნაპოლი"), იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), მარკიზიო („იუვენტუსი") – 4. 30 ოქტომბერი სიენა-კიევო; ბოლონია-ატალანტა; ფიორენტინა-ჯენოა; ლეჩე-ნოვარა; პარმა-ჩეზენა; უდინეზე-პალერმო; კალიარი-ლაციო. | |
|