aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » იუვეს" წაუგებელი სერია გრძელდება
16:37
იუვეს" წაუგებელი სერია გრძელდება
IX ტური ტურინში გამართული მატჩით გაიხსნა, სადაც ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მეტოქეები, "იუვენტუსი" და "ფიორენტინა" წარსდგნენ. ანტონიო კონტესთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან "ჯენოასთან" და "კატანიასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვიეს. ერთი სიტყვით, მასპინძლებს სარეაბილიტაციოდ ჰქონდა საქმე და, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიზანს მიაღწიეს.

განსაკუთრებით კარგად ტურინელებმა პირველი ტაიმი ჩაატარეს, მაღალი ტემპი შესთავაზეს მეტოქეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნდნენ. აქტიურებდნენ ნახევარმცველები: ანდრეა პირლო ტრადიციულად არიგებდა ზუსტ პასებს, სიმონე პეპე ფლანგიდან აწიოკებდა ფლორენციელთა უკანახაზელებს, არტურო ვიდალმა კი შორი მანძილიდან სცადა რამდენჯერმე მეტოქის კარის აღება. არც კლაუდიო მარკიზიოს უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომელიც "ფიორენტინასთან" პაექრობაში უფრო დაცვაზე გახლდათ ორიენტირებული და წინ წასულ პირლოს დროულად და ეფექტურად აზღვევდა.

პირველ ტაიმში, ტურინელების მიერ მოპოვებულმა დიდმა უპირატესობამ მხოლოდ ერთხელ გამოიღო შედეგი - მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პირლომ კუთხური ჩააწოდა, რასაც თავური დარტყმა და სტუმართა კიპერის მიერ ბურთის მოგერიება მოჰყვა, დამატებაზე ყველას ლეონარდო ბონუჩიმ დაასწრო და გახსნა კიდეც ანგარიში, 1:0.

მეორე ნახევარში შედარებით გათანაბრდა თამაში და ფლორენციელებმა შეტევებისთვისაც მოიცალეს. განსაკუთრებით სტევან იოვეტიჩი აქტიურობდა, ვინც მძიმე ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და ენერგიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. გახსოვთ ალბათ, ჩერნოგორიელმა გასულ ტურში დუბლი მიითვალა აქტივში, რასაც "იუვეს" კარში გატანილი გოლიც დაუმატა - სტევანმა მანუელ ვარგასისგან მიიღო შესანიშნავი პასი, ერთი ახედა კარებს და ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში მოათავსა, 1:1.

ტურინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებული გოლის შემდეგ არ დაიბნენ, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სულ რამდენიმე წუთში, კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ - საგოლე ეპიზოდში საოცრად ითამაშა სიმონე პეპემ, ურთულეს ვითარებაში, ხუთი ფეხბურთელის გარემოცვაში შეინარჩუნა ბურთი და ალესანდრო მატრი ფლორენციელთა კიპერს პირისპირ შეჰყარა - დარტყმა უზადო გამოდგა და 2:1 "ბიანკონერის" სასარგებლოდ.

ამის შემდეგ, გუნდებმა რამდენიმე მეტნაკლებად მწვავე მომენტი გაცვალეს, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო აღარაფერი მომხდარა და "ვეკია სენიორამ" მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. აქვე აღვნიშნოთ, რომ "იუვენტუსთვის" ეს მერვე წაუგებელი მატჩი გახლავთ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცი გამოცხადდა...

სინიშა მიხაილოვიჩი (ფიორენტინას მთავარი მწვრთნელი): "მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ. "იუვე" ძლიერი გუნდია და ტურინში აუცილებელ გამარჯვებას შეგირდებს ვერ მოვთხოვდი, ამიტომ, ტრაგედიის შექმნა არ ღირს. მთავარია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, რაც მომავლის ოპტიმიზმს მიღრმავებს. ალბერტო ჯილარდინოსთან და სტევან იოვეტიჩთან ერთად ჩვენი თავდასხმა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება".

ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "სამი ქულა ჰაერივით გვესაჭიროებოდა და ძალიან მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. ამაში გულშემატკივრებს მიუძღვით დიდი წვლილი და მინდა მათ საგანგებო მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება თამაშს, ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა: პირველში მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას, მეორეში კი გაცილებით სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდით. საბედნიეროდ, თითო ტაიმში თითო გოლი გავიტანეთ, რაც გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა".
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 604 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]