16:50 მუტუ: “მე არ მინდოდა “იუვენტუსიდან” წასვლა“ | |
La Gazzetta dello Sport – ში „იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელის, რუმინელი ადრიან მუტუს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც „ჩეზენასთან" მატჩამდე არის ჩაწერილი. მოგვიანებით გთავაზობთ მუტუს საუბრის ამონარიდს… „ტურინში მე 18 თვე გავატარე, ეს ბრწყინვალე პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. ჩვენ ორი სკუდეტო მოვიპოვეთ. პირველი, ფაქტიურად, თანაგუნდელებმა მაჩუქეს, თუმცა მეორეს მოგებაში მეც შევიტანე ჩემი წვლილი, უფრო მეტიც, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი გუნდში. თუმცა როგორც ყველას გახსოვთ იტალიაში აგორებული საფეხბურთო სკანდალის შემდეგ ეს ტიტულები ჩამოგვერთვა. მიუხედავად ყველაფრისა, ვაცხადებ, რომ ჩვენ მოედანზე გამოვდიოდით მთელი შემართებით, ოფლს ვღვრიდით, ყველაფერს ვაკეთებდით და დამსახურებულადაც ვიმარჯვებდით. არავინ დაგვხმარებია და არც წინასწარ უჩუქნიათ ეს სკუდეტოები. იმ პერიოდში საკმაოდ დავუახლოვდი ზლატან იბრაგიმოვიჩს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი სასტუმროში. ამის შემდეგ ყველას გახსოვთ, როგორ განვითარდა მოვლენები. საუკეთესო ფეხბურთელები გუნდმა გაყიდა. მათ ჩემი „ფიორენტინაში" გაშვება გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მე თანამხმა ვიყავი გადავყოლოდი „იუვეს" სერია ბ-ში, რადგან „იუვენტუსი" ყოველთვის რჩება „იუვენტუსად" და არანაირი სიამოვნება იმ ფაქტს ჩემთვის არ მოუტანია, რომ ფლორენციაში მივდიოდი" – იხსენებს ადრიან მუტუ. „დღესდღეობითაც „ბებერი ქალბატონი" ლიდერთა სიაშია, რომელიც ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს მათი მწვრთნელის ხასიათიდან გამომდინარე. კი, სწორედ ამ „იუვენტუსს" შეუძლია გახდეს ჩემპიონი” – განაცხადა რუმინელმა ფორვარდმა „იუვე" „ჩეზენას" მატჩის წინ.
| |
|