13:45 ფლორენციასა და ტურინში ერთი და იგივე სცენარით | |
სერია A-ს მე-8 ტურის პირველი ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 2:2 დასრულდა და როგორც ფლორენციაში, ასევე ტურინში, თამაშები ერთი და იგივე სცენარით წარიმართა. ორივე შემთხვევაში, მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდნენ. მინიმუმ ერთი დღით გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, „იუვენტუსმა" ქულები ბოლო 5 მატჩიდან მეოთხეში დაკარგა. ამჯერად, ტურინელებმა დისკვალიფიცირებული კახა კალაძის გარეშე მოთამაშე „ჯენოას" ვერ აჯობეს. „იუვენტუს არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზიდან მარკიზიოს დარტყმას კარიდან დაახლოებით შვიდ მეტრში მყოფმა მატრიმ მიმართულება ზუსტად შეუცვალა. 31-ე წუთზე, სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან მერკელის ჩაწოდებას როსი გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი საგოლეც გამოდგა. 58-ე წუთზე, ვუჩინიჩის გადაცემა საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა პირლომ გაატარა, რის შემდეგაც ბურთი მატრისთან მივიდა და „იუვეს" 32-ე ნომერმა, საკუთარი გუნდი წინ მეორედ გაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საჯარიმოში მყოფმა კუჩკამ კარაჩიოლოს უპასა, რომელმაც წინ უდროოდ გამოსულ სტორარის ბურთი თავზე გადაუგდო და ქულების გამყოფი გოლი გაიტანა. ფლორენციაში გამართულ შეხვედრაში მატრის მაგივრობა იოვეტიჩმა გასწია, რომლის დუბლიც „ფიორენტინას" სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შესაწყვეტად არ ეყო. ჩერნოგორიელმა შემტევმა ანგარიში მე-20 წუთზე საჯარიმოს ხაზიდან დარტყმით გახსნა. ტაიმის მიწურულს დელვეკიომ ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დარტყმით, იოვეტიჩმა ლამაზი გოლი გაიტანა და ფლორენციელები კიდევ ერთხელ დააწინაურა. მაგრამ ოც წუთში, დაახლოებით 2 მეტრიდან თავური დარტყმით, ბორუცის კარი ლოპესმა აიღო, რომელმაც „კატანიას" წაუგებელ მატჩთა სერია ოთხამდე გაზარდა.
ფიორენტინა-კატანია 2:2 (1:1) ფლორენცია, "არტემიო ფრანკი”24000 ფიორენტინა(4-3-3): ბორუცი, დე სილვესტრი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი, ბეჰრამი, მონტოლივო, მუნარი (ვარგასი 61), ჩერჩი (რომულო 73), სილვა (ჯილარდინო 84), იოვეტიჩი. მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი. კატანია(5-3-2): ანდუხარი, ისკო, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე (ლანცაფამე 73), ალმირონი (ბარიენტოსი 80), ლოდი, დელვეკიო, ლოპესი, კასტელანი (ბერგესიო 64). მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. გოლები: 1:0 იოვეტჩი (20), 1:1 დელვეკიო (43), 2:1 იოვეტიჩი (62), 2:2 ლოპესი (82). გაფრთხილებები: მონტოლივო 30 - სპოლი 60. მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო. ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 9 (4)-7 (3), კუთხური: 6-10, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-2,ჯარიმა:20-16.
იუვენტუსი-ჯენოა 2:2 (1:1) ტურინი, "იუვენტუს არენა”24000 იუვენტუსი(4-4-2): სტორარი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, პეპე (დელ პიერო 90), მარკიზიო, პირლო, ესტიგარიბია (პასიენსა 67), ვუჩინიჩი (კრასიჩი 83), მატრი. მწვრთნელი: ანტონიო კონტე. ჯენოა(4-4-1-1): ფრეი, მესტო, დაინელი, მორეტი, ანტონელი, როსი (ხორკერა 82), სეიმური (კუჩკა 72), ველოზუ, იანკოვიჩი (კარაჩიოლო 62), მერკელი, პალასიო. მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი. გოლები: 1:0 მატრი (6), 1:1 როსი (31), 2:1 მატრი (58), 2:2 კარაჩიოლო (85). გაფრთხილებები: პირლო 39, მარკიზიო 90 - სეიმური 4, მესტო 7, პალასიო 29, დაინელი 46, ველოზუ 90. მსაჯი: ანდრეა რომეო. ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15 (8)-9 (6), კუთხური: 9-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-6,ჯარიმა:12-12. ბომბარდირები ჯოვინკო („პარმა"), პალასიო („ჯენოა") – 5, დენისი („ატალანტა"), დი ნატალე („უდინეზე"), ოსვალდო („რომა"), კლოზე („ლაციო"), იოვეტიჩი („ფიორენტინა") – 4.
23 ოქტომბერი ლეჩე-მილანი; კალიარი-ნაპოლი; ინტერი-კიევო; პარმა-ატალანტა; რომა-პალერმო; სიენა-ჩეზენა; უდინეზე-ნოვარა; ბოლონია-ლაციო. | |
|