aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 13 » სერია A. 17 ტურის შეჯამება: მწვრთნელთა ვარამი
17:44
სერია A. 17 ტურის შეჯამება: მწვრთნელთა ვარამი
ქვემოთ სერია A-ს მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებსა და ფაქტებზე გვექნება საუბარი - ამასთან, ერთ მოკლე ინფორმაციას და მწვრთნელთა საინტერესო კომენტარებსაც გაგაცნობთ. საერთოდ, მწვრთნელები ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი - ფრანჩესკო გვიდოლინსა და ედუარდო რეიას თავის მართლება უწევთ, ანტონიო კონტემ პრესას ბოიკოტი გამოუცხადა, კლაუდიო რანიერი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ატირდა... მოკლედ, იტალიაში მწვრთნელობა აშკარად საშარო საქმეა.

კალიარის ფიკადენტი გაწვრთნის
დავიდე ბალარდინის ხელში "კალიარი" გასავარდნ ზონას მაქსიმალურად მიუახლოვდა და რა გასაკვირია, რომ სარდინიული კლუბის მესვეურებმა მწვრთნელი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. შემცვლელი დიდხანს არ უძებნიათ და გუნდი კარგად ნაცნობ მასიმო ფიკადენტის ჩააბარეს, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე სწორედ "კალიარის" ედგა სათავეში... 

დიახ, მაშინ ფიკადენტის სწორედ ბალარდინი ამჯობინეს, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, მხოლოდ ოთხი თვით. დაახლოებით ანალოგიური ამბავი მოხდა "ნოვარაში", რომელსაც ატილიო ტესერი 37-დღიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

კომენტარები
კლაუდიო რანიერი ("ინტერის" მწვრთნელი "კიევოს" დამარცხების შემდეგ): "ჩემთვის ამ გამარჯვებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ემოციები მომეძალა და ცრემლებიც კი მომადგა თვალზე. დარწმუნებული ვარ, კრიზისი დაძლეულია და გუნდი აღმავლობის გზას დაადგება. მინდა შევაქო შეგირდები, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისთვის".

ედუარდო რეია ("ლაციოს" მწვრთნელი "ბოლონიასთან" მარცხის შემდეგ): "მეტოქის შეუფასებლობის გამო მკაცრად დავისაჯეთ და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. "ბოლონია" შესანიშნავი გუნდია, რომელიც ასეთ რამეებს არ პატიობს. ამასთან, მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს და ფეხბურთელები გადაღლილნი მეჩვენებიან. სწრაფად უნდა მოვიდეთ გონს და ხასიათი მომდევნო ტურშივე გამოვიკეთოთ". 

ფრანჩესკო გვიდოლინი ("უდინეზეს" მწვრთნელი "ნოვარასთან" მარცხის შემდეგ): "გადაღლილობამ იჩინა თავი და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან შუა კვირაში "ალკმაართან" მოგვიწია ურთულესი ბრძოლის გადატანა. ამ დროს მეტოქე მთელი რვა დღე ისვენებდა და რა გასაკვირია, რომ უკეთესად გაისარჯა. მთავარია, რომ ყურები არ ჩამოვყაროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ - მესამე ადგილზე გასვლა ნამდვილად ხელგვეწიფება".

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლობონტი (რომა) - სამუელი (ინტერი), ჰაინცე (რომა), ვიდალი (იუვენტუსი) - ნოჩერინო (მილანი), ლოდი (კატანია), რიგონი (ნოვარა), დიამანტი (ბოლონია) - ლავეცი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ლარივეი (კალიარი).

სიმბოლური ნაკრების კარში ბოგდან ლობონტი დგას და ეს უკვე საინტერესოა, რადგან რუმინელი "რომას" სათადარიგო მეკარედ ითვლება. 

ლობონტმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ ვინ იცის, იქნებ ძირითადშიც დაიმკვიდროს ადგილი. დაცვაში არტურო ვიდალი უნდა გამოვარჩიოთ - მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა და როგორც ხედავთ, ძალიან კარგადაც. 

ჩილელს "რომანისტა" გაბრიელ ჰაინცე და "ინტერისტა" ვალტერ სამუელი უმშვენებენ გვერდს - ამ უკანასკნელმა "კიევოს" კარში მილანელთათვის ასე ნანატრი გოლი გაიტანა და რჩეულთა შორის სრულიად დამსახურებულად დაიკავა ადგილი.

ნახევარმცველთა შორის კვლავ ვხედავთ ანტონიო ნოჩერინოს, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა "მილანის" შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ ნოჩერინოს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი "როსონერის" ფეხბურთელთა შორის. 

შეტევის წინა ხაზზე რომ იბრაჰიმოვიჩია, ეს წესით არავის უნდა უკვირდეს. აქვეა ესეკილ ლავეცი, რომელმაც მხოლოდ 60 წუთი დაჰყო მინდორზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საგოლე პასები აქეთ-იქით ერიგებინა. მესამე შემტევი ლარივეი გახლავთ, "კალიარის" ფორვარდი, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა "ნაპოლისთან' პაექრობაში და მიუხედავად ამისა, მისი გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა. 

ტურის გმირი
"ნაპოლი" შესანიშნავად ათამაშდა და უკვე ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურის მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად ითვლება. ეგ კი არა, ბევრის ვარაუდით, ნეაპოლელები სულაც "იუვენტუსს" გადაასწრებენ და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებენ. მოკლედ, სამხრეთელები ტონუსში არიან და ამაზე 5-მატჩიანი მოგებათა სერია ნათლად მეტყველებს.

განვლილ ტურში ნეაპოლს "კალიარი" ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო, სარდინიას ხელმოცარული დაუბრუნდა. მასპინძლებმა ექვსი ბურთი მიართვეს მეტოქეს და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სურვილის შემთხვევაში მეტსაც გაუტანდნენ. 

სამ საგოლე შეტევაში ესეკილ ლავეციმ მიიღო მონაწილეობა - ჯერ პაოლო კანავაროს გაუკეთა საგოლე გადაცემა, შემდეგ დავიდე ასტორის გაატანინა საკუთარ კარში, ბოლოს კი თერთმეტმეტრიანი აიკიდა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად თვითონვე აქცია. ტურის გმირი ესეკილ ლავეცი გახლავთ, რაც მასზე ნამდვილად ალალია.

ტურის ფრაზა
მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი ლეჩეს დამარცხების შემდეგ): "არ არის აუცილებელი, ყველა თამაშში სანახაობა დადგა. ხანდახან ძალების დაზოგვით, პრაგმატულად უნდა გაისარჯო და ისე აიღო სამი ქულა - იმედია, ეს გულშემატკივრებს კარგად ესმით". 

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
პალერმო-მილანი 0:4 (XXVI ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII). 

სერიები
მოგება: ნაპოლი - 5 თამაში
წაგება: კალიარი, პალერმო - 3 
წაუგებლად: იუვენტუსი - 27
მოუგებლად: ჩეზენა - 6

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 55 გოლი - მილანი; 50 - ნაპოლი; 42 - ლაციო.
საუკეთესო დაცვა: 17 გაშვებული - იუვენტუსი; 22 - მილანი; 24 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 16 გოლი - ჩეზენა; 22 - ნოვარა, კიევო; 26 - კალიარი.
უარესი დაცვა: 48 გაშვებული - ჯენოა, 46 - ნოვარა; 44 - პალერმო, ლეჩე.
ზუსტი გადაცემები: 14910 - მილანი; 14430 - რომა; 14352 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 502 - იუვენტუსი; 424 - რომა; 421 - ინტერი.
კარში დარტმები: 168 - იუვენტუსი; 157 - მილანი; 136 - ნაპოლი.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 18 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 16 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - როდრიგო პალასიო (ჯენოა), დიეგო მილიტო (ინტერი).

ასისტენტები

12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე), ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რობინიო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
2094 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1762 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1626 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1588 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1577 - ტიაგო სილვა (მილანი); 1544 - დანიელე დე როსი (რომა).

კარის მიმართულებით დარტყმები
115 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 92 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 86 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 85 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 83 - ედინსონ კავანი (ნაპოლი).

კარში დარტყმები

50 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 37 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 35 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 34 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 33 - ხერმან დენისი (ატალანტა); 31 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 30 - მიროსლავ კლოზე (ლაციო). 

ჯარიმები

64 - მატია დესტრო (სიენა); 63 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 62 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 60 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 57 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 56 - მეჰდი ბენეტია (უდინეზე), ხუან კუადრადო (ლეჩე), ხერმან დენისი (ატალანტა); 54 - ლუკა მორონე (პარმა).

ციფრები და ფაქტები

- "ინტერმა" პირველად გაიმარჯვა 22 იანვრის შემდეგ;

- "ინტერმა" გასვლით მატჩებში 572-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა;

- "ჯენოამ" მიჯრით მესამე მატჩი დაასრულა ფრედ და უკვე ექვსი თამაშია არ მოუგია. ამასთან, ბოლო 14 შეხვედრაში პირველად შეინახა კარი მშრალად;

- "იუვენტუსმა" "ჯენოას" კარის მიმართულებით 30-ჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია;

- "ჯენოამ" და "იუვენტუსმა" პირველად დაასრულეს შეხვედრა ნულოვანი ფრეთი 1962 წლის შემდეგ;

- "იუვენტუსი" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია;

- ანდრეა პირლომ მე-400 მატჩი ჩაატარა სერია A-ში;

- "ლეჩემ" ბოლო 8 გასვლითი მატჩი წააგო "მილანთან";

- "მილანს" არც ერთი თამაში არ წაუგია, რომელშიც ანტონიო ნოჩერინომ გოლი გაიტანა;

- თუ ჩემპიონთა ლიგასაც გავითვალისწინებთ, "ნაპოლიმ" მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგო;

- "კალიარიმ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო;

- "ბოლონიამ" პირველად მოუგო "ლაციოს" გასვლითი მატჩი 1997 წლის შემდეგ;

- "ბოლონიას" ნახევარმცველმა რენე კრხინმა პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;

- "უდინეზეს" არასდროს მოუგია "ნოვარასთან" გასვლითი მატჩი;

- "პალერმომ" ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო. ასეთი მაჩვენებელი გუნდს ბოლოს გასული წლის მარტში ჰქონდა;

- "რომამ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო 2012 წელს;

- "ატალანტას" 6 ტურია, არ წაუგია;

- "პარმას" 6 ტურია, არ მოუგია;

- თუ იტალიის თასის გათამაშებასაც გავითვალისწინებთ, "ფიორენტინამ" ბოლო 17 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო;

- "სიენამ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო მიმდინარე ჩემპიონატში; 
ნანახია: 556 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]