18:12 აი, ეს კი ნამდვილ ბრაზილიას ჰგავს | |
როგორც ჩანს, ბრაზილიის ნაკრები ნელ-ნელა ფერზე მოდის და არგენტინასთან "როკას თასის” მოგების შემდეგ, მექსიკას სტუმრად სძლია. რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ბრაზილია ამ მომენტისთვის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, თუმცა წინა თვეებთან შედარებით, მანუ მენეზეშის გუნდი უკეთ ათამაშდა. ეს დიდწილად შემადგენლობის დარეგულირებას უკავშირდება. მაგალითად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რონალდინიოს მუნდიალზე არწაყვანა შეცდომა კი არა, დანაშაული იყო... ასევე შერისხულთა სიაში იყო მადრიდის "რეალის” მარცხენა მცველი მარსელო – რა კრიტერიუმით სჯობდა მას ანდრე სანტოსი, ძნელი სათქმელია. და აი, მექსიკასთან სწორედ "კიჭამ” და მარსელომ შეაგდეს. თავიდან "აცტეკები” დაწინაურდნენ, კერძოდ, პაბლო ბარერამ მარჯვნიდან ჩააწოდა და ბრაზილიელთა ხუჭუჭა მცველმა დავიდ ლუისმა ვარდნაში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს (რაც სისხლში აქვთ) თამაშობდა და მომენტებიც უხვად იქმნებოდა. 44-ე წუთზე, ჯოვანი დოს სანტოსის გარღვევა დანი ალვეშმა საკუთარ საჯარიმოში შეაჩერა, "ბარსელონას” მარჯვენა მცველმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. და აი, მექსიკელი ანდრეს გუარდადოს პენალტიდან დარტყმული ჟეფერსონმა მოიგერია. ბრაზილია გადარჩა. მეორე ტაიმში უფრო გამოჩნდა ბრაზილიელთა ძალა და 10 კაცით დარჩენილებმა შემოატრიალეს თამაში - ჯერ რონალდინიომ ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა და გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე, მარსელომ მარცხნიდან ინდივიდუალური გარღვევა საჯარიმოში შეჭრით და ცხრიანში დარტყმით დააგვირგვინა. გოალ.ცომ-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდინიო დაასახელა. ისიც შეიძლება ითქვას, რომ მანუ მენეზეშის თავკაცობით, ბრაზილიას ასე კარგად არასოდეს უთამაშია. ტორეონი. "ესტადიო კორონა”. 28000 მაყურებელი მექსიკა-ბრაზილია 1:2 (1:0) მექსიკა: სანჩესი (ტალავერა 89), როდრიგესი, მარკესი, ტორესი (მორენო 67), სალსიდო, ხუარესი, ისრაელ კასტრო, გუარდადო, ბარერა (ანდრადე 80), ჯოვანი დოს სანტოსი (პერალტა 80), ერნანდესი. მწვრთნელი: ხოსე მანუელ დე ლა ტორე. ბრაზილია: ჟეფერსონი, დანი ალვეში, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მარსელო, ლუკაშ ლეივა, ფერნანდინიო, ლუკაში (ადრიანო 46), რონალდინიო (ერნანესი 90+3), ჰალკი (ჟონასი 80), ნეიმარი (ელიაში 88). მწვრთნელი: მანუ მენეზეში. გოლები: 1:0 დავიდ ლუისი (10 საკ.კარში), 1:1 რონალდინიო (79), 1:2 მარსელო (84). გაფრთხილება: სალსიდო, დანი ალვეში, ლუკაში, დანი ალვეში, მარკესი, ერნანდესი, ხუარესი, ტორესი. არბიტრი: მარლონ მეხია (სალვადორი).
| |
|