22:04 საბრძოლო ფრე რომში | |
შეიძლება ითქვას, რომ "რომამ" ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დედაქალაქურმა კლუბმა, რომელსაც დიდი დანაკლისი ჰქონდა, მოახერხა ტურინელთათვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. ზოგიერთ ფეხბურთელს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაში მოუწია. მაგალითად დე როსიმ ცენტრალური მცველის ფუნქციები შეითვისა, როდრიგო ტადეიმ კი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა. მატჩი სანახაობრივი, საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე კლუბს ჰქონდა როგორც მოგების, ასევე წაგების შანსები, თუმცა საბოლოოდ ის შედეგი დაფიქსირდა, რომელიც ყველაზე სამართლიანი იყო. მატჩის დებიუტში რომაელები დაწინაურდნენ - ტოტის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დე როსი დაუხვდა, რომელმაც მცველების დახმარებით მოახერხა მეტოქის კარის აღება. ამის შემდეგ "ბებერი ქალბატონი" შეტევაზე გადავიდა, თუმცა მოწინააღმდეგე კლუბის მცველები ურყევად იგერიებდნენ მათ შეტევებს. "იუვენტუსმა" ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში, ჯორჯო კიელინის დახმარებით შესძლო. სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ "მგლებს" კვლავ შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ფრანჩესკო ტოტიმ პენალტი ვერ გაიტანა. ამ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა ჯიჯი ბუფონმა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა მეკარეების წყალობით შეხვედრა ფრედ დასრუდა. "რომა" 1:1 "იუვენტუსი" გოლები: დე როსი 6 - კიელინი 61. "რომა": სტეკელენბურგი, ტადეი, დე როსი, ჰაინცე, ანხელი, პიანიჩი (პეროტა 75), ვივიანი (სიმპლისიო 58), გრეკო, ტოტი, ოსვალდო (ბორიელო 86), ლამელა. "იუვენტუსი": ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, პეპე (ელია 86), პირლო, მარკიზიო, ესტიგარიბია (ჯაკერინი 72), ვიდალი, მატრი (კუალიარელა 67). გაფრთხილება: პიანიჩი, გრეკო, დე როსი - ვიდალი, ბონუჩი, კუალიარელა. | |
|