17:23 ანტონიო კონტეს წინასამატჩო ინტერვიუ | |
ორი პირდაპირი კონკურენტის წინააღმდეგ გამართული გასვლითი მატჩების შემდეგ, ტურინის "იუვენტუსი” სახლში ბრუნდება. კვირას, 4 დეკემბერს "ბიანკონერები” "ჩეზენას” უმასპინძლებენ და სამი ქულის აღების შემთხვევაში, ისევ პირველ პოზიციაზე განთავსდებიან. მომავალ შეხვედრაზე "ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საუბრობს… ” როცა "იუვენტუსის” მწვრთნელად დამნიშნეს, რამდენიმეპუნქტიანი მიზანი დავისახე. მათგან პირველი კონკურენტუნარიანობის დაბრუნება იყო, ანუ ჩვენს მეტოქეებს ისევ უნდა აღექვათ "იუვე”, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. ამას მივაღწიეთ, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმის დროა: შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა, გასული წლების მანძილზე სწორედ ეს არ გამოდიოდა. ამისათვის ძლიერი სურვილი, კონცენტრაცია და მიზანდასახულობა დაგვჭირდება. განვითარება უნდა გაგრძელდეს. ” გუშინ "მილანმა” "ჯენოა” გასვლით შეხვედრაში დაამარცხა და "იუვენტუსი” ერთი ქულით მოიტოვა უკან. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი აღნიშნავს, რომ "სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ფავორიტად კონტეს გუნდი მიაჩნია: ” გასულ წელს პირველობა მილანელებმა მოიგეს, სწორედ ამ პოზიციიდან ასპარეზობენ ისინი წელსაც, როცა ჩვენს უკან ორი მეშვიდე ადგილზე დასრულებული სეზონია. მაგრამ თუ ამ სახელს, "იუვენტუსს” გავითვალისწინებთ, ყოველთვის ფავორიტთა რიცხვში უნდა ვიყოთ. ” წინა შეხვედრაში "სან პაოლოზე” გაშვებული ორი უპასუხო გოლის შემდეგ "იუვენტუსმა” თამაშის შემობრუნება შეძლო. გუნდმა საოცარი მეორე ტაიმი ჩაატარა: ” შესვენებაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე. ვიცოდი, რომ მომხდარი სათამაშო ტაქტიკისა და ფეხბურთელების ბრალი არ იყო, ეს მაშინ დამტკიცდა, როცა ანგარიში იმავე 11 კაცმა გაათანაბრა, რომელიც პირველ ტაიმში თამაშობდა. მეტი ვიმუშავეთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ კონდიციებში განსხვავება არ იყო, იმდენივე მოსამზადებელი დრო გვქონდა, რამდენიც "ნაპოლის”. ” " ხვალ პირლო არ ითამაშებს, მაგრამ ვინც არ უნდა ითამაშოს, თვალდახუჭული ვენდობი. ვიცი, ყველა ფეხბურთელი ამ დანაკლისის აღმოსაფხრელად 120% -ით დაიხარჯება. ” | |
|