09:43 “იუვენტუსი” – “ნოვარა” (წინა შეხვედრები) | |
შვიდი გამარჯვება, ხუთი ფრე და არცერთი წაგება. წინა მატჩები, რომლებიც ამ ორ გუნდს შორის ჩატარდა სერია ა-ში, აშკარად “ბებერი სინიორას” სასარგებლოდ დასრულდა. ურთიერთშეხვედრების ისტორია 1937 წელს დაიწყო და ტურინში გამართული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. “იუვენტუსის” რიგებში თავი სკალიოტიმ გამოიჩინა, მატჩის 34-ე წუთზე, ხოლო სტუმრების შემადგენლობაში გოლის ავტორი ტორი აღმოჩნდა, მან “ბიანკონერები” მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაამწუხრა. “ნოვარასთან” პირველი გამარჯვების მიღწევა “ბიანკონერებმა” 1939 წელს შეძლეს. იმ მატჩის გაბეტოს გატანილი ერთადერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა 2 ქულის მოსაპოვებლად. ყველაზე შთამბეჭდავი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის 1950/1951 სეზონში ჩატარდა, როცა “იუვენტუსმა” 4-0 დაამარცხა მეტოქე. პირველ ტაიმში დუბლი მუჩინელიმ შეასრულა, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში ჯონ იანსენმა და ბონიპერტიმ თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი წარმოშობით სწორედ ნოვარადანაა. უკანასკნელი შეხვედრა გუნდებმა 1955/1956 წელს ჩაატარეს. ის სეზონი გუნდებისთვის “არცთუ ისე წარმატებული” აღმოჩნდა. “ბიანკონერებმა” სეზონი მეცხრე პოზიციაზე დაასრულეს, ხოლო ნოვარა კი სერია ბ-ში აღმოჩნდა. (მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ გუნდი ამდენი წლის განმავლობაში ვერ დაბრუნდებოდა უმაღლეს დივიზიონში, როგორც მოგეხსენებათ “ნოვარამ” ეს მხოლოდ 2011 წელს მოახერხა.) მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, გუნდები ჩაკეტილ ფეხბურთს მიმართავდნენ, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა და “ნოვარა” უკვე პირველ ნახევარში 2-1 ამარცხებდა “იუვენტუსს”, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე მონტეკომ ანგარიში გაათანაბრა და მატჩიც 2-2 დასრულდა. ეს იყო ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა სერია ა-ში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდები ორჯერ “კოპა იტალიაზე” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 1970 და 1972 წლებში. | |
|