13:30 კრასიჩი მომავალზე მაროტას გაესაუბრება | |
ტურინის "იუვენტუსის” სერბი შემტევი ნახევარმცველის, მილოშ კრასიჩის წარმომადგენელი დეიან იოკოსიმოვიჩი ამბობს, რომ მისი კლიენტით მთელი რიგი კლუბები არიან დაინტერესებული, თუმცა, არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა "ბებერ ქალბატონში” დარჩეს. იოკოსიმოვიჩმა Calciomercato.com-თან საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში 27 წლის ფეხბურთელი კლუბის გენერალურ დირექტორ ბეპე მაროტას შეხვდება და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს. "უახლოეს დღეებში მილოში მაროტას გაესაუბრება, რათა გაარკვიოს, რა გეგმები აქვს კლუბს მასთან დაკავშირებით: მიეცემა თუ არა მას კიდევ ერთი შანსი, გაყიდიან თუ განათხოვრების წესით გაუშვებენ. მისით წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულნი - "ჩელსი”, "ინტერი”, ახლა მათ "ტოტენჰემი” და "ფენერბაჰჩე” დაემატა. არის კიდევ სამი რუსული კლუბი, რომელთა დასახელებაც არ შემიძლია. კრასიჩს რუსეთში დაბრუნება არ სურს. ამასთან, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა "იუვენტუსში” დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ, სჯობს გუნდი შეიცვალოს” - თქვა იოკოსიმოვიჩმა. კრასიჩი "იუვენტუსში” 2010 წელს, მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა. პირველ სეზონში ის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა, წელს მოედანზე იტალიის სერია A-ს მხოლოდ ექვს შეხვედრაში გამოჩნდა.
| |
|