21:01 რეალობა - ანუ ნუ ასწევ ცხვირს | |
- დღეს დავგლიჯე. - რა ჰქენი? - ორი ისეთი შევაგდებინე, რომ იმათ ფეხის გაწევაც არ დასჭირდათ - მოხვდათ და გავიდა. - აბა, ვნახავ... აღმოჩნდება, რომ არაფერიც არაა სანახავი... სხვათა შორის, ოთარ გაბელიამ 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობისას მითხრა: "რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა უცხოეთში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელს უთქვამს, კლუბის დუბლებში ვთამაშობო, მაგრამ მერე ირკვევა, რომ 19-წლამდელებშია”. გვერწმუნეთ, უარესებიც მომხდარა. ეს კიდევ "ისე რა" ტყუილია. გამახსენდა ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემაში, მაგრამ ინტერვიუს ქვემოთ გულშემატკივრის ერთ-ერთმა კომენტარმა უფრო მიიქცია ყურადღება: "ყველა ქართველი ფეხბურთელი ცხვირაწეული რატომაა და რატომ ჰგონიათ, რომ სხვებზე მაგრები არიან?". ყველა ნამდვილად არაა. ღმერთმა დაგვიფაროს. თუმცა, უკრაინელმა შეამჩნია, რომ ზომაზე მეტად არიან, თორემ ამას არ დაწერდა. სამწუხაროდ, ჩვენში ბევრს აქვს დაკარგული რეალობის შეგრძნება და ამის გამო ხდება, ტალანტს რომ ანიავებენ. შორს არ წავალ: ადრე, უბანში 10-11 წლის ბიჭი გამოჩნდა, ბურთს ლამის ამღერებდა, ერთი თავით მაღლებთან ტოლივით თამაშობდა. თუმცა, ცამეტისა რომ გახდა, "მანჩესტერ იუნაიტედში” მიდიოდა; თოთხმეტისას "არსენალის” ვარიანტი გამოუჩნდა; მერე ამბიციამ იკლო და თხუთმეტისას "მიდლსბრო” იწვევდა, თექვსმეტისას "ბლექბერნი” გააქტიურდა და ასე გრძელდებოდა. ახლა, დაახლოებით, უეინ რუნის თანატოლი უნდა იყოს. რუნი კი ჩემი უბნელი ნამდვილად არაა. ეს ბიჭი იმიტომაც გამახსენდა, რომ ვიცი, რა პირობებიც ჰქონდა. ვიცი, რომ წრეც (ანუ პატრონი) ჰყავდა, მაგრამ თავიდანვე უთხრეს, რომ მაგარი იყო და მანაც დაიჯერა. დღესაც სჯერა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არასოდეს გამოჩენილა. ფეხბურთელად ვერ გაიზარდა და ვერც გაიზრდებოდა, რადგან ეგონა, რომ უკვე გაზრდილი იყო. ესაა აღზრდა და წრე. დარწმუნებული ვარ, ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, დავით თარგამაძე თუ დავით სხირტლაძე ასე არ ფიქრობდნენ და არც საუბრობდნენ. ეს 4 მაგალითად მოვიყვანეთ, თორემ, რა თქმა უნდა, სხვებიც არიან. "ყველაფერი ვიცი" დამღუპველი რამაა. ადამიანს რეალობის გრძნობა სკოლის ასაკში უნდა უყალიბდებოდეს და ბუნებრივია, მთავარი როლი მშობლებმა უნდა შეასრულონ. ბავშვთა მწვრთნელი ამ ყველაფერს ვერ გასწვდება, რადგან კვირაში მხოლოდ 10 საათი მუშაობს მასთან. შესაძლოა გასწვდეს, მაგრამ მთავარი მაინც სახლია. აქ ვაწყდებით პრობლემებს: 1. ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო - მშობელიც ცხვირაწეულია და ბუნებრივია, შვილიც სხვებზე მაგარი ჰგონია; 2. ეკონომიკური გაჭირვების გამო, მშობელი სახლიდან მთელი დღე გასულია და დრო არ აქვს... ქვემოთ მარჩელო ლიპის გენიალურ სიტყვებს მოგიყვანთ, რომელსაც ბევრი დაეთანხმება, ხოლო ბევრი ამ ნათქვამში მწარე სიმართლეს დაინახავს და არ ესიამოვნება; ლიპიმ ეს ფეხბურთზე თქვა, თუმცა, ზოგადად, სხვა სფეროებსაც ეხება: "ყველა დიდი ფეხბურთელი იმით აღწევს დიდებას, რომ სწორად და რეალურად აფასებს თავის შესაძლებლობებს. ყველა დიდი ფეხბურთელი ჩამოყალიბების პროცესში უბრალო იყო და ზომავდა - რა აკლდა მას სხვებთან შედარებით. უბრალო თუ არ ხარ და გადამეტებული წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ერთ ადგილზე გაჩერდები". მთავარიც სწორედ ეს არის. | |
|