aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 4 » ზამთრის ციებ-ცხელება "კალჩოში"
11:56
ზამთრის ციებ-ცხელება "კალჩოში"
ნაწილი I
საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება. 

რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი უკვე გაიჩარხა და როგორც ჩანს, კიდევ არაერთი შეთანხმება მიიქცევს ჩვენს ყურადღებას. ძალიან მოკლედ, სერია A-ს ოცივე გუნდის სატრანსფერო გეგმების შესახებ მოგითხრობთ, მასალა კი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი...

ატალანტა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ატალანტა" მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოელებს 6 ქულა საჯარიმო სანქციების გამო დააკლეს, გუნდი მაინც იბრძვის ევროსაგზურის მოსაპოვებლად. 

რომ არა ეს დაკლებული ქულები, "ატალანტა" დღეს მეხუთე-მეექვსე ადგილებს გაიყოფდა "ინტერთან". ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბერგამოელები აქტიურობას არ აპირებენ და მათი მთავარი დამრტყმელი ძალა კვლავაც ხერმან დენისი იქნება.

ბოლონია
მარკო დი ვაიო ისეთი შედეგიანი ვეღარ არის, როგორიც გასულ სეზონში იყო და გამომდინარე აქედან, გუნდი მხოლოდ მე-17 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. "როსობლუს" გასავარდნი ზონისგან მხოლოდ სამი ქულა აშორებს და გუნდის მიზანიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. 

ბოლონიელთა ვინმეს მიმართ დაინტერესების შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში ჯერ არაფერი თქმულა, სამაგიეროდ, გასტონ რამირესს ჰყავს ბევრი მსურველი და კლუბის მესვეურებს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის შესანარჩუნებლად დიდი ოფლისღვრა მოუწევთ. ბოლო ცნობებით, რამირესის მსურველთა რიცხვს ლონდონის "ჩელსი" შეუერთდა.

კალიარი
სარდინიელებს ნახევარდაცვის გაძლიერება აქავთ მიზნად დასახული და რამდენიმე კანდიდატი შერჩეულიც ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი მარკო პაროლოა "ჩეზენადან", რომლისთვისაც სეზონი რთულად დაიწყო, თუმცა შემდეგ ძველებურად ათამაშდა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გარიგება შედგეს, რადგან პაროლოს უფრო ამბიციური გუნდებიც იწვევენ. "კალიარის" მესვეურებს მურიელის გადაბირებაც სურთ "ლეჩედან" და ამბობენ, რომ ამ ტრანსფერის ალბათობა გაცილებით უფრო დიდია.

კატანია
სიცილიელთა მთავარი მიზანია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მაქსი ლოპესი სარფიანად გაყიდონ. არგენტინელი ფორვარდის საბაზრო ღირებულბა 10 მილიონი ევროა და მის მიმართ რამდენიმე გუნდი იჩენს სერიოზულს ინტერესს. განსაკუთრებით აქტუალურია მაქსის "პალერმოში" შესაძლო გადასვლის ამბავი - არადა, ერთი სიცილიური გუნდიდან მეორეში გადაბარგება სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის და ამ ამბავმა შესაძლოა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს. 

სულ ცინცხალი ამბავი კი ის გახლავთ, რომ მთავარი გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის კიპერი, მარიანო ანდუხარი მოკვეთეს - მიზეზი ლოპესის იდენტურია, არგენტინელ მეკარეს გაცილებით ძლიერ გუნდში სურს თამაში და სანამ ასეთ ძლიერს მონახავს, "კატანიას" სარეზერვო გუნდთან ერთად მოუწევს ვარჯიში. 

ჩეზენა
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მარკო პაროლოზე დიდი მოთხოვნაა და მის მიმართ არაერთი ამბიციური გუნდი იჩენს ინტერესს. შეგვიძლია დავკონკრეტდეთ და ვთქვათ კიდეც, რომ მარკოს გადაბირება "კალიარის" გარდა, "უდინეზეს", "ლაციოს" და "ფიორენტინას" სურთ. "ჩეზენას" მესვეურთა მტკიცებით, პაროლო სეზონის ბოლომდე სავარაუდოდ არსად წავა და გუნდს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დაეხმარება. 

ასევე, საუბარია იმაზე, რომ ჩეზენელებს "ლაციოდან" ლიბორ კოზაკის გადაბირება სურთ, ჩეხი ფორვარდის, რომელსაც ადრიან მუტუსთან შეწყვილებას აქვთ უპირებენ. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. 

კიევო
თერეუ, მოსკარდელი, პელისიერი - ამ სამეულით უტევს "კიევო", თუმცა როგორც ჩანს, ვერონული კლუბის ხელმძღვანელებს მათი ასპარეზობა აღარ აკმაყოფილებთ. ბოლო დროს, ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ "კიევოში" "ჯენოას" თავდამსხმელი ანდრეა კარაჩოლო გადაბარგდება. მას შემდეგ, რაც გენუურ კლუბს ალბერტო ჯილარდინომ მიაშურა, კარაჩოლოს ადგილი იქ უბრალოდ აღარ არის და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ კარიერა ვერონაში გააგრძელოს. 

ფიორენტინა
მას შემდეგ, რაც ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოაში" გადაბარგების შესახებ გაცხადდა, ნათელი გახდა, რომ "ფიორენტინა" ახალი ფორვარდის ძიებას დაიწყებდა. ასეც მოხდა და უკვე არაერთი თავდამსხმელის გვარი დასახელდა, რომლებსაც იისფერი მაისურის მორგებას უწინასწარმეტყველებენ. 

პირველ რიგში, ეს კარვალიო ამაურიზე ითქმის, რომელიც "იუვენტუსში" თავს ზედმეტად გრძნობს და წასვლა აქვს გადაწყვეტილი. არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჯილას გათავისუფლებულ ადგილს "უდინეზეს" ფორვარდი ანტონიო ფლორო ფლორესი დაიკავებს. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ჯენოა
ჯერჯერობით, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "ჯენოამ" გაჩარხა, რადგან ამ გუნდში ალბერტო ჯილარდინო იასპარეზებს. ზემოთ ანდრეა კარაჩოლოს შესახებაც ვისაუბრეთ, რომელიც დიდი შანსი "კიევოში" გადაბარგდეს. 

გენუური კლუბის პრეზიდენტის, ენრიკო პრეციოზის თქმით, ჯილას შეძენით სატრანსფერო ფანჯარა მისთვის არ იხურება და არ არის გამორიცხული, სულ მალე კიდევ ერთი ხმაურიანი გარიგების შესახებ გაცხადდეს. ლაპარაკია "ჯენოაში" კარვალიო ამაურის გადაბარგების შესახებ, რომელზეც ზემოთ "ფიორენტინას" კონტექსტში ვისაუბრეთ - მოკლედ, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელს ასარჩევად აქვს საქმე და ვნახოთ, რას გადაწყვეტს.

ინტერი
მასიმო მორატიმ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გააქტიურებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ფინანსური ფეარ პლეის პრინციპების დაცვაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ახალი ფეხბურთელების შეძენაზე. თუმცა, იტალიურ სპორტულ პრესაში მაინც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მილანური გრანდი ბრაზილიელი ტალანტის, ლუკასის გადაბირებას ლამობს, რომლის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა. ასევე, აქტიურად საუბრობენ კასტაინოსის იჯარის წესით რომელიმე ნაკლებად ამბიციურ გუნდში გაშვების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არც ეს ცნობა დადასტურებულა. 

იუვენტუსი
ჯილარდინოსი არ იყოს, მარკო ბორიელოს ტრანსფერმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. "რომას" უკვე ექს-ფორვარდი "იუვეში" აგრძელებს კარიერას და შეეცდება ტურინული გრანდის მაისურით გაიტანოს გოლები. ბევრი ამ ტრანსფერს სკეპტიკურად შეხვდა, რადგან მარკოს "ჯენოაში" აპარეზობის შემდეგ, ხეირიანი აღარაფერი უქნია - მართალია, ერთი ხანობა "მილანის" ძირითადში იყო, მაგრამ ვერ დავიჩემებთ, რომ მთები გადაატრიალა. 

დიდი ხანია ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ამაურიმ, იაკვინტამ და ტონიმ "იუვენტუსი" უნდა დატოვონ - თუ ამ ზამთარსვე მოახერხებენ ახალი გუნდის მოძებნას, მათთვისვე იქნება უკეთესი. თუმცა, სულ ახალი ინფორმაციით, შესაძლოა ვინჩენცო იაკვინტა დარჩეს "ბიანკონერიში" და კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. სულ ბოლო ინფორმაციით, ტურინიდან აბარგება მილოშ კრასიჩმა განიზრახა და ახალი კლუბის ძიებაშია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 526 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/9
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]