12:41 გალიანი: "ტევესი ან არავინ" | |
მილანის პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დღეს განაცხადა, რომ იტალიური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მხოლოდ ტევესის ყიდვას შეეცდება. გალიანიმ ამდაგვარი კომენტარი იმიტომ გააკეთა, რომ გასულ კვირას რამდენიმე გაზეთში დაიწერა ლისანდრო ლოპესსა და მილანს შორის მოლაპარაკებებზე. გალიანიმ კი ეს ყველაფერი უარყო. "ეკონომიკურად რთული პერიოდი გვაქვს, თუმცა შევეცდებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს საშობაო საჩუქარი გავუკეთოთ." - განაცხადა გალიანიმ Sky Sport-თან საუბარში. "მაქსი ლოპესი? ტევესს ვუთხარი, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე მოიცადოს. თუ არგენტინელი არ ჩამოვა მილანში, მაშინ ჩვენ არავის დავიმატებთ." "ვფიქრობ, რომ ტევესის ყიდვა ზამთარში საკმარისი იქნება, რადგან კასანოს ტრავმა რომ არ მიეღო ჩვენ არავის დამატებას არ ვაპირებდით." "ალეგრის უნდა მილანში დარჩენა და ჩვენც გვსურს, რომ იგი დარჩეს კლუბში. ეჭვი არავის ეპარება, რომ შეთანხმებას მივაღწევთ მასთან." - დაასრულა ადრიანო გალიანიმ. შეგახსენებთ, რომ ტევესი "სიტიში" 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა და 84 მატჩში 52 გოლის გატანა შეძლო, თუმცა რობერტო მანჩინი მას მაინც სათადარიგო ფეხბურთელად მიიჩნევდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მილანს ტევესის ყიდვა იჯარით სურს ზაფხულამდე, თუმცა რობერტო მანჩინი დაჟინებით ითხოვს მის გაყიდვას. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება მოლაპარაკებების დასრულება იტალიურ და ინგლისურ მხარეებს შორის. | |
|