14:49 გილოცავთ ნიკოლოზობას, მისი მადლი არ მოგკლებოდეთ :* | |
19 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს (ნიკოლოზობას) აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზი ქართული ეკლესიის მფარველად ითვლება. ის მიიჩნევა, ასევე, განსაცდელში მყოფთა, მწუხარეთა, ტანჯულთა, სნეულთა, აგრეთვე, მეზღვაურთა მფარველად... წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ლუკიის ქალაქ პათარაში დაიბადა. მისი მშობლები, თეოფანე და ნონა ძალიან მდიდრები იყვნენ, შვილი კი დიდი ხანის განმავლობაში არ ჰყავდათ. ცოლ-ქმარმა უფლის წინაშე აღთქმა დადო, რომ თუ შვილი მიეცემოდათ, მას უფალსვე შესწირავდნენ. ნიკოლოზს სიყრმის ასაკიდანვე უყვარდა ტაძარში სიარული, ლოცვა და წიგნების კითხვა, მუდმივად გვერდში ედგა გლახაკებს და უქონლებს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მთელი ქონება ღარიბებს შესწირა და თავად პალესტინაში, წმინდა ადგილების მოსალოცად გაემართა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის ეპისკოპოსად აირჩიეს. ტანჯულთა და უპოვართა მოსარჩლე ეპისკოპოსი, ყველას ამხნევებდა და ნუგეშს სცემდა, რის გამოც შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. აქ მან რვა წელი გაატარა. მას შემდეგ კი, რაც იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანი გახდა, მღვდელმთავარი საპყრობილიდან გამოუშვა. გადმოცემით, წმინდა ნიკოლოზის სახელს, მრავალი სასწაული მიეწერება. ის სამწყსოსათვის, ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი იყო. მისი ქადაგებების შემდეგ, წარმართები ქრისტიანად ინათლებოდნენ. წმინდა ნიკოლოზი 342 წელს გარდაიცვალა. უამრავი სასწაული მოხდა წმინდანის კუბოსთან. მასთან შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. ამბის გავრცელების შემდეგ, ტაძარს, სადაც წმინდანის ნეშტი იყო დასვენებული, უამრავი მლოცველი მოაწყდა... მას შემდეგ, წმინდანის სახელს, დღემდე, უამრავი სასწაული უკავშირდება... დღეს, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში, დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება... | |
|