16:56 იაკვინტასთვის ბრძოლა გრძელდება | |
ბრძოლა ტურინის "იუვენტუსის” ფორვარდ ვინჩენცო იაკვინტას ხელში ჩასაგდებად გრძელდება. 32 წლის ფეხბურთელის აგენტმა უკვე მოასწრო "ფიორენტინასა” და "ნოვარას” ვარიანტების უარყოფა, მაგრამ ახლა ჰორიზონტზე "ლეჩე” წარმოისახა. Football Italia-ს ცნობით, ის, რომ ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს, უკვე გადაწყვეტილია, რადგან იაკვინტა არ შედის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მიმდინარე სეზონში ვინჩენცო მოედანზე წუთითაც არ გამოჩენილა. სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი "ლეჩე” იმედოვნებს, რომ გამოცდილი ფორვარდი გუნდს სერია A-ში დარჩენაში დაეხმარება. თავის მხრივ, შეტევის ხაზის გაძლიერება არც "ფიორენტინას” აწყენს. იტალიური წყაროს მტკიცებით, მიუხედავად ფეხბურთელის აგენტის განცხადებისა, ეს ვარიანტი გამორიცხული სულაც არაა. ფლორენციელებს შეტევაში პრობლემები აქვთ, რადგან სტევან იოვეტიჩი ხშირად ტრავმირებულია, ხოლო ალბერტო ჯილარდინო ცუდ ფორმაშია. ვინჩენცო იაკვინტა "იუვენტუსში” 2007 წლიდან თამაშობს და ამ კლუბთან მოქმედი კონტრაქტით 2013 წლის ივნისამდეა დაკავშირებული.
| |
|