13:58 კავანი “პალერმოს” ფანების მადლობელია | |
იტალიური "ნაპოლის” ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი მის მიერ "პალერმოს” კარში გატანილ გოლზე სიცილიელი გულშემატკივრების რეაქციით აღფრთოვანდა. 24 წლის ფეხბურთელი 2006 წლიდან 2010 წლამდე "პალერმოს” ღირსებას იცავდა და "ნაპოლის” ამის შემდეგ მიაშურა. სერია A-ს განვლილ ტურში, "ნაპოლი” სტუმრად სწორედ "პალერმოს” ეთამაშებოდა და 3:1 იმარჯვა. მეორე ტაიმის დაწყებამდე ფანებმა კავანის უსტვინეს, მაგრამ როდესაც მან 54-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა, ტრიბუნებს მხურვალე ტაში და აპლოდისმენტები მოსწყდა. Football Italia-ს ცნობით, თავად ედინსონს გატანილი გოლი არ უზეიმია. "ძალიან გამახარა გულშემატკივრის ოვაციამ. მათმა ქცევამ ჩემზე ძლიერ იმოქმედა. არასდროს დავივიწყებ ამ ტიფოზებს. პირადი მიზნების დასახვა არ მიყვარს. აუცილებელია, რომ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ. თავადაც მაინტერესებს - რა არის ჩვენი გუნდის მაქსიმუმი?” - თქვა კავანიმ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში უკვე 9 გოლი გაიტანა.
| |
|