10:05 მასიმილიანო ალეგრი: “შედეგზე პასუხს მე ვაგებ და გადაწყვეტილებასაც მე მივიღებ” | |
იტალიური "მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ახალ გუნდში მისვლის პირველსავე წელს გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა და სუპერთასი მოაპოვებინა. თანაც, გასულ სეზონში, მილანელებმა 82 ქულა დააგროვეს. მიმდინარე სეზონის XVI ტურის შემდეგ, "მილანს” 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ტურინის "იუვენტუსთან” ერთად ლიდერობს. ახლა, ალგერისა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმება არ ჩანს. 44 წლის ალეგრი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ანაზღაურებაშია და მალე ყველაფერი რიგზე იქნება. La Gazzettadello Sport-ს, ის, განვლილ პერიოდზე, გუნდში არსებულ სიტუაციაზე და მომავალზე ესაუბრა. - ბატონო მასიმილიანო, როგორ ფიქრობთ, თქვენი მიღწევები სათანადოდ დაფასდა? - ბერლუსკონიმ და გალიანიმ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება ისურვეს. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი შეფასებაა. - თუმცა, ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერ ვერ შეთანხმდით... - მიმდინარეობს მოლაპარაკება. მართალია, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით, მაგრამ ეს დროის საკითხია. მოხარული ვარ, რომ მენდობიან. ვიცი, რაცაა ჩემი სუსტი მხარეები და რის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაო. - მახსენდება, ფაბიო კაპელოსაც შესთავაზეს კონტრაქტი, რომელიც შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ მან იუარა. - არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ჩვენს შემთხვევაში, პრობლემას კონტრაქტის ფინანსური მხარე წარმოადგენს და სხვა არაფერი. "მილანი” უდიდესი კლუბია, რომელიც მუდამ ლიდერთა შორის ტრიალებს და მე ეს ძალიან კარგად მესმის. - როდესაც გესმით ბერლუსკონის სიტყვები - "მილანი” ისეთივე ძლიერია, როგორც "ბარსელონა” - რას ფიქრობთ? - ჩემი ფიქრები ფაქტებზეა დამყარებული - მათ მოედანზე, "კამპ ნოუზე” პირველსავე წუთზე დავწინაურდით. დიახ, ისინი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მინიმალური ოდენობით საგოლე მომენტები შექმნეს. რაც შეეხება წაგებულ, მეორე შეხვედრას, მას შემდეგ კიდევ უფრო გავძლიერდით. არ ვკამათობ - "ბარსელონა”, ჯერჯერობით, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. - თქვენმა კოლეგა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ "ბარსელონას” სიძლიერით მხოლოდ "მილანი” და "რეალი” თუ შეედრებიან. - დიდი მადლობა მას, მაგრამ მე ამ სიაში "ბაიერნსაც” შევიყვანდი. იქ ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. - როგორ მიგაჩნიათ, "მილანს” სამართლიანად აკრიტიკებენ თამაშის ხარისხის გამო? - ბოლო დროს მართლაც არასათანადოდ ვთამაშობდით, მაგრამ წლის ბოლოს გუნდს დაღლა დეტყო. ამ სირთულეებს ველოდი და ეს ვარჯიშებიდანაც ჩანს. მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ბევრი კრიტიკა და აზრი მოვისმინე, მაგრამ სულაც არ მანაღვლებს ის, რას ლაპარაკობენ სხვები. მე ვიცი, რა არის გუნდის ამოცანა და რისი მიღწევა შეგვიძლია. - ბერლუსკონისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ყველაფერი მშვენივრადაა, არანაირი პრობლემა არ არსებობს. მასთან ხშირად ვთათბირობ, ის გუნდში არსებული სიტუაციის საქმის კურსშია. მაგალითად, "სიენასთან” მატჩის წინ მკითხა, რა შემადგენლობით ვითამაშებდით და მკითხა ინძაგიზე. მეც ვუპასუხე, რომ ფილიპოს 45 დღეა არ უვარჯიშია და ჯერჯერობით, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება-თქო. - სიტყვამ მოიტანა და არის ტიფოზთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც არ მოსწონთ ინძაგის გარშემო შექმნილი მდგომარეობა... - ნებისმიერ საკითხს სრული სერიოზულობით უნდა შევხედოთ. არიან ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გულშემატკივრები, მაგრამ პასუხისმგებელი მე ვარ. მე "მილანის” კეთილდღეობაზე ვზრუნავ და მოვიგე ჩემპიონატი და სუპერთასი. ესაა მთავარი! გუნდმა უნდა ითამაშოს კარგად და მიაღწიოს წარმატებებს. - იცით, ტიფოზები ძალიან ემოციურები არიან. - ინძაგიმ ბევრი გააკეთა ფეხბურთისთვის, ისევე, როგორც სხვა ვეტერანებმა, რომლებიც "მილანში” თამაშობდნენ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერს მუდამ ფერადი სათვალეებით უყურო. აუცილებელია შეაფასო, რამდენად შეუძლია ფეხბურთელს სარგებლის მოტანა მოცემულ მომენტში და არ უნდა იცხოვრო წარსულით. დრო მიდის და ყველაფერი იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარადონა ახლაც ითამაშებდა! ახლა "მილანის” მწვრთნელი ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ლოვორნოში, ზღვაზე გასაბერი ნავით ვიცურებ. - ლივორნო ძალიან გენატრებათ? - იქ ჩემი სახლია და მასთან ბევრი პირადული რამ მაკავშირებს. თუმცა, "მილანელოშიც” პირველი დღიდან თავი ისე ვიგრძენი, თითქოს სახლში ვიყავი. - "მილანში” რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. როდის შეგვეძლება იმის თქმა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია? - ვფიქრობ, ამ კუთხით მომავალი წელი მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონთა ლიგა? შესაძლოა, მომავალ სეზონში... თუმცა, მიმდინარეშიც არ გვაქვს ცუდი შანსი. - თქვენ მუდამ ამბობდით, რომ რევოლუციონერი მწვრთნელი არ ხართ. - და რა ვქნა, ახალი ფორმულები მოვიგონო? ერთ დღეს რომ გავიღვიძო და ვთქვა, 2-1-2-1-3-1 სქემით ვითამაშებ-თქო, ხომ ყველას დასაცინი გავხდები? აფასებენ მათ, ვინც გამარჯვებას აღწევს. - რას იტყვით ჟოზე მოურინიოს შესახებ? - დიდებული მწვრთნელია, რომელმაც საკუთარი სტილი შექმნა. მე მას პატივს ვცემ, თუმცა, განსხვავებულები ვართ. მე ჩემი გზა მაქვს, სხვაგვარი მოსაზრებები, სხვა ფასეულობები და შეხედულება მაქვს ფეხბურთზე. - ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენს გუნდში? - ის, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა სრული, 100 პროცენტით დაიხარჯოს და შეასრულოს ჩემი მითითებები. პირველი საუბრის შემდეგ, საერთო ენა ყველა მათგანთან მოვნახე. - რას შეცვლიდით ამჟამინდელ "მილანში? - ბევრი უნდა ვიმუშაოთ ბურთთან ურთიერთობაზე და უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვაკონტროლოთ იგი. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. თუ სატურნირო ცხრილს შევხედავთ, იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. ასევე, უნდა ვეცადოთ, შორიდან ნაკლები გოლები გავუშვათ. - თქვენ მოახერხეთ "იუვენტუსთან” გათანაბრება, რასაც ადრე გვპირდებოდით. ელოდით, რომ წლეულს ტურინელები ასეთი ძლიერები იქნებოდნენ? - კარგად მესმის, რომ მათ დიდი პოტენციალი აქვთ. გუნდი, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია, უკვე განსაკუთრებულია. - "ინტერი” ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა? - არასდროს არ უნდა დანებდე. "ინტერი” ძლიერ გუნდად რჩება, ისევე, როგორც "ლაციო”, "უდინეზე”, "რომა”, "ნაპოლი”. ისე, ფავორიტები ჩვენ და "იუვენტუსი” ვართ. - განვლილ წელიწადში "მილანის” სიმბოლოდ რომელ ფეხბურთელს დაასახელებდით? - ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა. ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ანტონიო ნოჩერინო და ანტონიო კასანო - მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემპიონატის პირველ თვეებში. - რომელი ფეხბურთელი განიცდის ყველაზე დიდ პროგრესს თქვენი ხელმძღვანელობით? - ინიაციო აბატე. განვლილ სეზონში მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაცვაში თამაში, ახლა შეტევაზე მუშაობს. ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება. - 2011 წლის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი. - ანტონიო დი ნატალე. - ლეგიონერი? - "იბრა” და ტიაგო სილვა. - გუნდი? - ვერ დავასახელებ "მილანს”... "უდინეზე”. - საუკეთესო მწვრთნელი? - ვალტერ მაცარი. მსგავს გამოკითხვებში ხმას მუდამ მას ვაძლევ. - ალეგრი, თქვენ ბედნიერი მწვრთნელი ხართ? - დიახ, ბედნიერი და პირველი სატურნირო ცხრილში.
| |
|